ყოველთვის მომწონდა ჩემი სიზმრები.. “კარგებიც” და “ცუდებიც”.. ბევრისგან გამიგია, ჩემი სიზმრები რომ შეკრიბო, მაგარი “უჟასის” გადაღება შეიძლებაო. ჩემთან სიზმრების შეკრება არცაა საჭირო, ერთი სიზმარიც ეყოფა..
დაახლოებით ერთი თვის წინ ვფიქრობდი, ამ “ბლოგს” გავაუქმებ და ახალს გავაკეთებ, სადაც მარტო ჩემს სიზმრებს დავწერ–მეთქი. მერე გადავიფიქრე.. დამეზარა ალბათ. ან ეს დამენანა.. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, ეს პატარა ვითომ ბლოგი არაფრით გამოირჩევა სხვა, ძალიან ბევრი ბლოგისგან, მაინც ჩემია და მენანება.. ისიც ვიცი, რომ მოვინდომო, შემიძლია კითხვად ბლოგერად გადავიქცე – ავირჩევდი სტილს, ჩავრთავდი ეროტიულ პოსტებს (რაც ყველაზე კითხვადია), სიურეალისტურ ჩანახატებს და ა.შ. კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც მეზარება. მაინც მგონია, რომ საკუთარი თავისთვის ვწერ. ესეც, დღიურივით, იმიტომ გავაკეთე, რომ მერე წავიკითხო და გამეღიმოს.
მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს დავიწყე სიზმრების ჩაწერა.. ამ ბოლო დროს აღარ მამახსოვრდება.. ან ახალგაღვიძებულს მახსოვს და მერე აღარ.. არადა ვფიქრობ ხოლმე, ამას რა დამავიწყებს–მეთქი :/ თუ მაინც დავარწმუნე თავი, რომ ასე არ უნდა ვიფიქრო, გადავწვდები ჩემს მობილურს და დრაფთებში ვიწერ აღნიშნული სიზმრის მოკლე შინაარსს, რომელიც ხანდახან საერთოდ არ ემთხვევა იმას, რაც დამესიზმრა.. ანუ მაინც უნდა გამიმართლოს, რომ სიზმარი დავიმახსოვრო.
დღევანდელი დრაფთი: “მომავალი… ტვინგარეცხილი ხალხი. ყველაფერს აკონტროლებენ.”
დაახლოებით 451 გრადუსი ფარენჰეიტით იყო.. ტვინგარეცხილი ხალხის თემა. მთლიანობაში ცუდი არა, მაგრამ არასასიამოვნო სიზმარი იყო.. არც გამკვირვებია: fullmetal alchemist–ში ამაზრზენი ეპიზოდი ვნახე (ადამიანისგან და ძაღლისგან შექმნილი ქიმერა).. ოტაკუებს გაგახსენდებათ “edo aa do..” (ანიმეზე მაქვს ლაპარაკი).. მეორე ის იყო, რომ დაახლოებით 4ის ნახევრამდე ვკითხულობდი ლარსონის “გოგონას დრაკონის ტატუთი” მარტინის საწამებელ ოთახამდე.
სიზმარი არ ჩამიწერია და კარგად არც მახსოვს :/ დიდად აღნიშვნის ღირსად არ მიმაჩნია, მაგრამ მაინც.. დრაფთს მივყვები:
მომავალი – რამდენად მომავალი იყო, არ ვიცი, მაგრამ ასე ვიფიქრე.. სოფლის გზებზე დავდიოდით მე და ჩემი და, რომელიც ძაღლი იყო. (სიზმრად ჩაყოლილი fullmetal alchemist). რატომღაც ეს ფაქტი არ მიკვირდა.. გარშემო არავინ.
ტვინგარეცხილი ხალხი – არ მახსოვს, რას ვეძებდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ხალხი შეიცვალა და დადებილდა.. ან მეხსიერება დაეკარგა. დიდ სახლს მივადექით, ვიღაც ქალმა გაგვიღო და შეგვიპატიჟა. არც ჩვენ ვიცნობდით, არც ის გვიცნობდა..მაგრამ იმდენად სულელი იყო, რომ უცნობების არ ეშინოდა.. გრძელი ჰოლი გავიარეთ და მარჯვნივ, დიდ ოთახში შევედით.. გრძელი მაგიდა პირდაპირ კართან იდგა.. ნეტა როგორ დადიოდნენ. ძლივს შევძვერით.. ჩემი და–ძაღლა ამ დროს სადღაც გაქრა. ოთახში ამ ქალის გარდა, 5–6 ადამიანი იყო. ასაკითაც და ტანითაც დიდები.. აქედან 3–4 დიდწონიანი მამაკაცი იყო. ერთ–ერთს მაგიდის გვერდით მდგარ ტახტზე ეძინა.. შეიძლება მკვდარიც იყო, ისეთი ლურჯი სახე ჰქონდა.. ისე მიმიღეს, როგორც ნაცნობი. ზოგს ზედაც არ შემოუხედავს. მაგიდასთან დამსვეს და თეფშზე დადებული რაღაც ჟელესმაგვარი მომიტანეს, რომელშიც პატარა თევზი დაცურავდა. ჩვენ ამას ვჭამთ ხოლმეო, მითხრეს. მეც მოვუყევი, რასაც ვჭამდით და უკვირდათ.. მექანიკურად აზროვნებდნენ. არ იცოდნენ, რა იყო პიანინო, რომელიც ოთახში ედგათ და შიგნით რაღაცეებს ინახავდნენ. მაგიდის წინ წიგნების კარადა იყო. მომეწონა, რამდენი წიგნი გქონიათ–მეთქი და წიგნი რა არიო :/ მივიდნენ, გამოიღეს და ფურცვლა დაუწყეს, აქამდე კარადაზე მიხატული გვეგონაო. რომ გამეღვიძა, ვფიქრობდი, რა საშინელებაა, როცა არ იცი, რა არის წიგნი–მეთქი.
ყველაფერს აკონტროლებენ – ეს მგონი სხვა თემაა, მაგრამ მაინც დავაკავშირე.. ჩემი და ამჯერად ადამიანი იყო. ჩემს ოთახში ვიყავით და გავურბოდით იმათ, ვინც ტვინებს რეცხავდა. ვიცოდით, რომ ყველაფერი კონტროლდებოდა: ყველა მესიჯი, ყველა მეილი, ყველაფერი.. მაგრამ ჩვენც გვყავდნენ გენიოსი ჰაკერები, რომლებიც ჩვენგან გასულ სიგნალებს ბლოკავდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დროებით – მაინც გვიპოვეს.. ტელეფონი ხელში მეჭირა და მესიჯი თავისით იწერებოდა. ვერაფრით ვერ ვშლიდი.. ბოლოს დავამტვრიე და მერე აღარ მახსოვს.
გამიხარდა გაღვიძება. მჟავე სიზმარი იყო. და უაზრო.

















